დავითაშვილი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდებშია - „რუბინის“ მწვრთნელმა ქართველის სეზონი შეაფასა #1TVSPORT
დავითაშვილი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდებშია - „რუბინის“ მწვრთნელმა ქართველის სეზონი შეაფასა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ვოლგოგრადის „როტორისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი (რომელსაც მოქმედი კონტრაქტი აქვს „რუბინთან“), წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეთა სამეულში მეორე ადგილზე დაასახელა.

რუსეთის პრემიერლიგაში 2020/2021 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის გამოვლენაში 16 გუნდის მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ – თითოეულ ნომინაციაში სამი საუკეთესო დაასახელეს.

სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ „რუბინის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააყენა, ხოლო მეორე ადგილზე დავითაშვილი, რომელიც გასულ სეზონში ვოლგოგრადის კლუბში იჯარით თავად გაუშვა. სლუცკის ვერსიით მესამე იყო არსენ ზახარიანი მოსკოვის „დინამოდან“. მისი თქმით, დავითაშვილი ზაფხულში გუნდში დაბრუნდება.

დავითაშვილი სამეულში ასევე დაასახელეს ყაზანის „რუბინის“ კაპიტანმა ფილიპ ურემოვიჩმა, „როტორის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხასანბი ბიჯიევმა (პირველზე კვარაცხელია დაასახელა) და „როტორის“ კაპიტანმა, სერგეი მაკაროვმა, რომელმაც კვარაცხელია ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. 20 წლის თავდამსხმელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორე წელს დაიმსახურა.