„რუბინის“ დირექტორი - კვარაცხელიას აგენტთან არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს, ეს ჭორია #1TVSPORT
„რუბინის“ დირექტორი - კვარაცხელიას აგენტთან არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს, ეს ჭორია #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან კონფლიქტის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებული ჭორები უარყო.

„რუბინის“ ქართველ თავდამსხმელს აქვს რამდენიმე შეთავაზება ევროპული გუნდისგან, მაგრამ რუსულ მედიაში დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელსა და ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა და ქართველი თავდამსხმელის წასვლის ალბათობა ამის გამო გაიზარდა.

ეს ინფორმაცია ყაზანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ უარყო.

„ხვიჩას წასვლის შესახებ ჭორები უსაფუძვლოა. კლუბი მის აგენტთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ასეთ ბოდვაზე რეაგირება უცნაური იქნებოდა”, – თქვა „რუბინის” წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ჩემპიონატი“ ამტკიცებდა, რომ ხვიჩას მენეჯერს, მამუკა ჯუღელსა და „რუბინის“ მენეჯმენტს შორის კონფლიქტი „როტორისა“ და „რუბინს“ შორის რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის მერე წარმოიშვა, რის შედეგადაც ვოლგოგრადის კლუბმა ვერ შეძლო პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება.

თავად ხვიჩა კვარაცხელიამ ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ მისი საკითხი სანაკრებო მატჩების შემდეგ გადაწყდება. საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ცნობილი ევროპული კლუბები იჩენენ. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.