ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს – ხალიჩაზე პირველი რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) გავა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97კგ წონით კატეგორიაში რობერტმა ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ურთულესი ბადე განვლო – იტალიის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ კახელაშვილს, ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფს და გერმანიის ნაკრების წევრს, ალექსანდროს ლაზონგინოსს აჯობა და პარიზი 2024-ის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია. კონტინენტის პირველობებზე ქართველს სამივე სინჯის თითო მედალი აქვს მოპოვებული. 2016 წელს ლატვიაში 85 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლს დაეუფლა, 2018-ში რუსეთში 87 კგ-ში – ოქროს, 2022 წელს კი ამავე წონით კატეგორიაში უნგრეთში – ბრინჯაოს.
კობლიაშვილი საქართველოს ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.
ქართველი მოჭიდავე ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს – 2016 წელს რიოში მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
კობლიაშვილი პარიზში 6 აგვისტოს გამოვა.