ქართველები იტალიაში | საზონოვმა ისევ შეცვლაზე ითამაშა, გელაშვილი კვლავ ძირითადში გამოჩნდა #1TVSPORT
საბა საზონოვმა კვლავ ითამაშა „ტორინოს“ რიგებში, რომელიც იტალიის ჩემპიონატში „ჯენოას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების მცველი, ისევე როგორც წინა ტურში „ნაპოლისთან“, ამჯერადაც სათადარიგთა შორის იყო და ტურინული გუნდის მაისურით მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.
საბა საზონოვმა კოტდივუარელი მცველი კოფი ჯიჯი შეცვალა, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა. სერია A-ში გამართული 20 ტურის შემდეგ „ტორინო“ ევროზონას 6 ქულით ჩამორჩება.
ივა გელაშვილი „სპეციაში“ ადგილს იმკვიდრებს, მან იტალიურ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სერია B-ში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრალური მცველის გუნდი გასვლაზე „კომოსთან“ 0:4 დამარცხდა და 17 ქულით ბოლოსწინა, მე-18 პოზიციაზეა.
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია B-ს ტურის შეხვედრას დღეს საკუთარ არენაზე „კოზენცასთან“ გამართავს, ხოლო 15 იანვარს გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ გასვლაზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.