ქართველმა ფეხბურთელებმა უქმეებზე ევროპულ კლუბებში ითამაშეს – ზოგმა თავი გამოიჩინა, ზოგიც ჩრდილში იყო.
გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში „შარლერუასთან“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა. ქვილითაია ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, ჩაკვეტაძემ კი შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. მარცხის შემდეგ „გენტი“ კი მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა.
ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრას ევროპული გრანდების, პსჟ–ს, „მანჩესტერის“, „ფიორენტინასა“ და „ლევერკუზენის“ სელექციონერები დაესწრნენ და მათი მთავარი სამიზნე ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იყო.
„ლუცერნის“ მთავარმა მწვრთნელმა რენე ვეილერმა ვაკო გვილია მძაფრად გააკრიტიკა, მაგრამ შვეიცარიის სუპერლიგის მე–18 ტურში უშუალო კონკურენტ „სენტ-გალენთან“ საშინაო მატჩში თავის გამოჩენის შანსი მაინც მისცა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, „ლუცერნმა” კი 2:1 მოიგო და საშემოდგომო ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ტრავმის გამო „ლუცერნში“ ოთარ კაკაბაძეს არ უთამაშია.
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლო ორ შეხვედრაში სამჯერ გაიტანა. მე-19 ტურში მისი გუნდი, პლოცკის „ვისლა“ საკუთარ არენაზე კრაკოვის „ვისლასთან“ დამარცხდა. პლოცკელებმა 48-ე წუთზე გიორგის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ, 1:2 წააგეს და 19 ქულით მე-12 ადგილზე არიან. მერაბაშვილმა 82-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ლუკა ზარანდიამ გდინიას „არკაში“ „გურნიკის“ წინააღმდეგ (1:1) შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი არ გამოუჩენია. ვატო არველაძე „კორონას“ სათადარიგოებში იყო და „სლასკთან“ (1:1) მოედანზე არ გამოჩენილა.
გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში პირველად გაიტანა და „უიპეშტს” ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მე-18 ტურში, ქართველის გუნდი „ჰონვედს“ ესტუმრა და მატჩი 2:2 დააასრულა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1) და სეზონში გამართულ 15 შეხვედრაში თავი მეოთხე გოლით გამოიჩინა. ბერიძე 89-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ბაჩანა არაბულმა „პუშკაშის აკადემიაში“ „მეზეკევეშდთან“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დამატებულ წუთებზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.