ქართველ მუსლიმთა კავშირი - ხელისუფლება ვალდებულია, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება
ქართველ მუსლიმთა კავშირი - ხელისუფლება ვალდებულია, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება

ქართველ მუსლიმთა კავშირი ყოველთვის დგას და იქნება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა რომელიმე კერძო თუ იურიდიული სუბიექტის მოსაზრებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება როგორც დემოკრატიული წყობილების მთავარი გარანტორი, ვალდებულია, პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და მშვიდობიანად კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება.

„საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონისა და სამართლის წინაშე. შესაბამისად, ყველას აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოთქმის უფლება. ქართველ მუსლიმთა კავშირი ყოველთვის დგას და იქნება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა რომელიმე კერძო თუ იურიდიული სუბიექტის მოსაზრებებს. ხელისუფლება როგორც დემოკრატიული წყობილების მთავარი გარანტორი, ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და მშვიდობიანად კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყნაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება.

ჩვენ მუსლიმებს გვაქვს ჩვენი ისლამური კულტურა ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენი მისწრაფებები. მიუხედავად განსხვავებულობისა, ჩვენ არ ვერევით სხვათა ცხოვრებაში, ჩვენ არ განვიკითხავთ სხვათა ცხოვრების წესსა და ადათს. ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს, ასევე ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულებების ადამიანთა უფლებებს. ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობის. მზად ვართ, სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი სამშობლო და ვილოცოთ მისი ერთიანობისათვის. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის გამომწვევ ყველა მიზეზს“, – აღნიშნულია განცხადებაში.