იტალიის ქალაქ ფოჯაში კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ხმლით მოფარიკავე 59 იუნიორ გოგონას შორის ოთხმა ქართველმაც იასპარეზა. ჯგუფური ეტაპის დაძლევა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ლიკა ჯიჯეიშვილმა მოახერხა, რომელმაც ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგო. ანა აფრასიძემ, მარიამ ცუხიშვილმა და თამარ ჩარკვიანმა მხოლოდ თითო შეხვედრაში გაიმარჯვეს და ბრძოლას გამოეთიშნენ.
პლეიოფში ჯიჯეიშვილი პოლონელ იულია კისლარს შეხვდა და ანგარიშით 15:10 დამარცხა. მეთექვსმეტედფინალში მისი მეტოქე იტალიელი ჯულია არპინო იყო. ქართველმა მოფარიკავემ იტალიელთან 7-15 წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
ხვალ ფოჯაში ხმლით მოასპარეზე ბიჭები გამოვლენ. ჯგუფურ ეტაპს ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე და ნიკოლოზ ჭეიშვილი საქართველოს დროით 12:00 დაიწყებენ.
ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნის 50 არბიტრს შორის ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ქართველი არბიტრი ირინა ფეიქრიშვილიც მუშაობს.