ქართველ ძმებს თურქეთში წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ
ქართველ ძმებს თურქეთში წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ

თურქეთში ქართველ ძმებს თურქეთის მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში სდებენ ბრალს. როგორც თურქული მედია იუწყება, სტამბოლის პროვინციის ტუზლას რაიონში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მათ მიერ სამუშაოზე აყვანილი ორი ქართველი დაესხა თავს.

გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე 59 წლის ორჰან ჩელიკმა, თავის მაღაზიაში დაასაქმა ქართველი ძმები 28 წლის და 25 წლის ახალგაზრდები. როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, შაბათს, 2 ივნისს ძმებმა მაღაზიის მეპატრონე გაკოჭეს და აწამეს. მოგვიანებით, მაღაზიაში ჩელიკის მეუღლე ჩავიდა, რომელიც ბრალდებულებმა ასევე გაკოჭეს და თავზე ტომარა დააფარეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი თურქეთის მოქალაქის სახლში ავიდა, რომელიც მაღაზიის ზედა სართულზე მდებარეობდა და დამსაქმებლის 15 წლის შვილის გაკოჭვა სცადა, თუმცა ბიჭმა მას წინააღმდეგობა გაუწია და მეზობლებს დაუძახა. საშველად მისულმა მეზობლებმა და პოლიციამ ერთი ძმის დაკავება შეძლეს, მეორე კი მიიმალა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

სამართალდამცველების ცნობით, მათ თავდასხმის ადგილზე თურქეთის მოქალაქის გაკოჭილი ცხედარი დახვდათ. მისი მეუღლე და შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაკავებულმა ბრალი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ დამსაქმებელს მათი ვალი ჰქონდა და თავდასხმა ამიტომ გადაწყვიტეს. მისივე თქმით, მათ თურქეთის მოქალაქის მკვლელობა არ სურდათ.