„ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გია ვოლსკი წარადგინა
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად გია ვოლსკი წარადგინა.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალალვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ბიუროსადმი მიმართვა ეხება ამავე კომისიაში წევრებად ირაკლი ჩიქოვანის, გიორგი ხოჯევანიშვილისა და ეკა სეფაშვილის წარდგენას.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასახელებულ წევრებს, თალაკვაძის განცხადებით, კომისიის წევრობასთან დაკავშირებით არის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და ალექსანდრე ელისაშვილის მიმართვა.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად ბატონი გიორგი ვოლსკის წარდგენის შესახებ. უფრო გამოცდილი ადამიანის შერჩევა ამ პოზიციაზე ალბათ რთული იქნებოდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ გიას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა გახლავთ ასევე ამავე კომისიაში ფრაქციის კვოტით წევრებად ბატონი ირაკლი ჩიქოვანის, ბატონი გიორგი ხოჯევანიშვილისა და ქალბატონი ეკა სეფაშვილის წარდგენაზე. თავისთავად ბატონი გიორგი ვოლსკი კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად წევრიც იქნება.
აქვე გახლავთ ოპოზიციის მიერ დასახელებული წევრები. კომისიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის დავით ზილფიმიანის, ბატონი ინჯიას და ბატონი ალექსანდრე ელისაშვილის მომართვა“, – განაცხადა არჩილ თალალვაძემ.