„ქართულმა ოცნებამ“ თეკლათისა და ჭალადიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ თეკლათისა და ჭალადიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა.

„გვსურს, წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში“, – განაცხადა დღღევანდელ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ „შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია – „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ“.

ირაკლი კობახიძემ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას ზაზა ყურაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.