„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა
„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა. 3 700-მდე ვიდეოკამერით არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის პროცესის გადაღება მოხდება და ჩანაწერები ინტერნეტით ხელმისაწვდომი იქნება.

ტექნიკის გადაცემას ცესკო-ში შალვა პაპუაშვილი დაესწრო. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ვიდეოფიქსაცია ყველა საარჩევნო უბანზე მოხდება, გარდა იმ უბნებისა, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ახალი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს.

„ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდება ასეთი უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას და მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს, ასევე არ მისცემს მხარეებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული საკითხებით მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები, რომელიც შესაძლოა, ხმების დათვლის დროს იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამორჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობით. ყველა ამ ვიდეოჩანაწერის ონლაინგანთავსება მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ხმების დათვლის პროცედურას. 3 200 უბანზე მოხდება ვიდეოფიქსაცია, არ არის გათვალისწინებული მხოლოდ 460-მდე საარჩევნო უბანი, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.