ქართულიდან აფხაზურ და ოსურ ენებზე, აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულ ენაზე თანამედროვე ნაწარმოებების თარგმნისა და წიგნად გამოცემის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“.
კონკურსი ითვალისწინებს:
ა) თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას;
ბ) თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, უწყების მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება, თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.
„მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. მოცემული კონკურსიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ აფხაზური ენის დღე ღირსეულად იქნეს აღნიშნული“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება.
უპირატესობა შესაძლოა, მიენიჭოს:
ა) შესაბამისი მიმართულებით პროექტ(ებ)ის განხორციელების გამოცდილებას;
ბ) იმ პროექტ(ებ)ს, რომლებიც ითვალისწინებს სალიტერატურო სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ, ასევე აფხაზ და ოს ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას, მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 877 816 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი და ფორმულარები მოცემულია შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh; ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau.