ქართული სპორტის 2023 წელი 23 რიცხვში #1TVSPORT
ქართული სპორტისთვის 2023 წელი დასრულდა. გულშემატკივარი უამრავი საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდა – იყვნენ გმირები, იყო რამდენიმე ისტორიული ფაქტიც, იყო იმედგაცრუებაც.
ქართული სპორტის 2023 წელს სიმბოლურად 23 რიცხვით შევაჯამებთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წელს მომხდარი მთავარი სპორტული მოვლენები.

2023 წელს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუნდურ სახეობაში, კალათბურთში პირველად ვითამაშეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მუნდიალის საგზური თებერვალში, ისლანდიის ნაკრებთან დრამატულ მატჩში მოიპოვა. პლანეტის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა აგვისტოსა და სექტემბერში იაპონიის ქალაქ ოკინავაში ითამაშა, 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ასე რომ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2024 წელს ექნება შანსი, გახდეს გუნდური სახეობის პირველი წარმომადგენელი ისტორიაში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს საქართველოს.

გამორჩეული წელი იყო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრისთვის, გიორგი შერმადინისთვის, რომელიც საკუთარ კარიერაში მეორედ გახდა ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP). გიორგიმ ეს წოდება პირველად 2021 წელს მოიპოვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე „ტენერიფეს“ რიგებში სეზონში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ქართველი ეტლით მოფარიკავეთა ტრიო მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იყვნენ, იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე ფინალში პოლონეთი 45:30 დაამარცხა.

საქართველს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები წელს ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა მედალი. ქართველმა მოჭადრაკეებმა პლანეტის ჩემპიონობა პირველად 2015 წელს იზეიმეს, 2017, 2019 და 2021 წლებში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. 2023 წელს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო – ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი , ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეექვსედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. გასულ წლებთან შედარებით, საფრანგეთის მოედნებზე ჩვენთვის შედეგი სასურველი არ იყო. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილებმა ჯგუფში ვერცერთი თამაში მოიგეს, თუმცა როგორც ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასილ ლობჟანიძემ განაცხადა, ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ნაკრები მოედანზე ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის გადიოდა.

რაგბის მსოფლიო თასზე პირველად იმსაჯა ქართველმა არბიტრმა. ნიკა ამაშუკელი უდიდეს სარაგბო ფორუმზე 3 თამაშის ძირითადი მსაჯი იყო. ის, საერთო ჯამში, საფრანგეთის სტადიონებზე 8 შეხვედრას მოემსახურა (5-ჯერ კიდეზე), მათ შორის მატჩს მესამე ადგილისთვის, რომელშიც ინგლისმა არგენტინა 26:23 დაამარცხა.

MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში 2023 წელს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა მერაბ დვალიშვილმა და სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა, რაც საუკეთესო შედეგია ქართული MMA-ს ისტორიაში. 12 მარტს მერაბმა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი დომინანტურად დაამარცხა. ზედიზედ ცხრა მოგება ამ მომენტისთვის UFC-ში მეოთხე საუკეთესო შედეგია. 2024-ში დვალიშვილს კარგი შანსი აქვს, საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს.

2023 წელს ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა და ის 2024 წელს ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი გახდება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ათჯერ იასპარეზებს. პოლონეთში გამართულ ევროპულ თამაშებზე ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა 25 მეტრზე სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2023 წელს სერბეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიო თასის I დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთ გრანდს, ოლიმპიადის ოქროსმედალოსანს პენალტების სერიაში 12:11 მოვუგეთ (ძირითადი დრო 11:11 დასრულდა). აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენმა წყალბურთელებმა ისტორიაში პირველად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე.

საინტერესო შედეგით დასრულდა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშება. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული სამმა ფეხბურთელმა მოიპოვა. ფლამარიონ ჯოვინომ, ზორან მარუშიჩმა და ზურაბ მუსელიანმა ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მუსელიანმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქობულეთის „შუქურას“ შვიდი გოლი გაუტანა. 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა ბათუმის „დინამო“.

23 გატანილი გოლითა და 8 ასისტით დაასრულა 2022/23 წლის სეზონი ფრანგულ „მეცში“ გიორგი მიქაუტაძემ. სწორედ მისი კარგი თამაში იყო ამ გუნდის საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აგვისტოში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის გრანდს, ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2023 წელს 26 გოლი გაიტანა. ჩვენმა ნაკრებმა ტაილანდთან მატჩში რეკორდი დაამყარა, გაიტანა რვა გოლი. ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ერთ თამაშში ოთხჯერ აიღო მეტოქის კარი.

28 ლელოთი აკაკი ტაბუცაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვე გახდა. 12 აგვისტოს რუმინეთთან შეხვედრისას ტაბუცაძემ მამუკა გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა. საქართველოს რუმინეთთან ის მატჩი 56:6 მოიგო.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად უნგრეთის ნაკრები 31:30 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ითამაშებს კონტინენტის პირველობაზე. ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 2024 წლის იანვარში გერმანიაში გაიმართება.

ისტორიული იყო 2023 წელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძისთვის, რომელმაც დუბლი შეასრულა – ის 63 კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლერი პლანეტის პირველობის ფინალში 2021 და 2022 წელსაც იყო გასული, თუმცა ორივე შემთხვევაში ვერცხლს დასჯერდა. აბულაძე პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

2023 წელს ამ რიცხვმა დიდი დატვირთვა შეიძინა და მაგიურადაც კი იქცა ქართველი გულშემატკივრებისთვის. 33 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ პირველი სკუდეტო მოუტანა, ის იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია A-ს საუკეთესო ასისტენტიც გახდა. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში გაერია და „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული მოვლენა იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის. 2024-ში მას ექნება შანსი, საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.

ძიუდოში, 81 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა პლანეტის პირველობის ფინალში თავისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. საკუთარი წონის რეიტინგში ტატომ სეზონი რეიტინგში მეორე ადგილზე დაასრულა და 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მაისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან წარმატებული გამოვიდა ქართველი ძიუდოისტებისთვის. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია 90 კგ წონითმა კატეგორიამ. წონის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს შეხვდა. ამ ფაქტით უკვე ისტორია დაიწერა, რადგან ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი ერთმანეთს არ შეხვედრია. საბოლოოდ, დრამატული ფინალი მაისურაძემ მოიგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ტოჩინოშინმა 2023 წელს კარიერა დაასრულა. ყველაზე წარმატებული ქართველი სუმოისტი პროფესიულ სპორტს თავისთვის 102-ე ბაშოზე დაემშვიდობა. კარიერის მანძილზე ტოჩინოშინმა „იმპერატორის თასი“ (2018 წლის იანვარი) მოიგო და სუმოს იერარქიაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან წოდებას, ოძეკის სტატუსს ფლობდა. კარიერის დასრულების შემდეგ ლევან გორგაძეს სამუდამოდ მოიხსენიებენ, როგორც ოძეკ ტოჩინოშინს.

ჯამში 199,91 ქულა (თავისუფალი და მოკლე პროგრამა) მოაგროვა და 2023 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ანასტასია გუბანოვა. იქამდე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოპოვებული არ ჰქონია. ორი ბრინჯაოს მედალი ელენე გედევანიშვილს ჰქონდა აღებული, ხოლო ერთხელ მესამე ადგილზე მორის ყვითელაშვილი გავიდა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ანასტასია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა.

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი FIE-ს (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) მამაკაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში 284 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ორგანიზაციამ ის 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავედაც დაასახელა. სანდრომ ამ წელს ევროპის ჩემპიონატი და ევროპული თამაშები მოიგო, ხოლო მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე ეპოქის შექმნას განაგრძობს. საუდის არაბეთში ჩატარებულ პლანეტის პირველობაზე ორჭიდის ჯამში მან 473 კგ დააფიქსირა და კარიერაში მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ტალახაძე 2023 წელს ასევე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა საქართველოს 2023 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დაასახელა.

44 338 მაყურებელი დაესწრო უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის „დინამო არენაზე“. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში (ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია) პირველი ადგილი დაიკავეს და ისრაელთან მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ტურნირზე მატჩიდან მატჩამდე იხსნებოდა U21-ის ევროპის ჩემპიონატის დასწრების რეკორდი. საბოლოოდ, კონტინენტის პირველობის ფინალს ბათუმმა უმასპინძლა, სადაც ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა.