ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარება - უცხოური პრესა 20-წლამდელ „ბორჯღალოსნებზე“ წერს
ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარება - უცხოური პრესა 20-წლამდელ „ბორჯღალოსნებზე“ წერს

ვებგვერდი rugbypass.com საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების მაღალ ტემპზეა საუბარი.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს.

„დომინანტური შერკინება და რკინასავით ძლიერი წინა ხაზი უკვე დიდი ხანია, რაც ქართული რაგბის მთავარი კოზირებია. ბოლოს დროს კი ლელოების თამაშში სხვა დადებითი მომენტებიც შეინიშნება. ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მარცხი განიცადეს და ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მეტოქეები სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია იყვნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალზელანდიელებთან ისინი ძალიან კონკურენტუნარიანები იყვნენ, შოტლანდიას კი სულაც მოუგეს – 17:12.

კონკურენტუნარიანობა მხოლოდ წინა ხაზს არ ეხებოდა. ქართველებმა კრეატიულობითა და შესრულების ოსტატობით უკანა ხაზშიც გაგვაკვირვეს, რაც ქართული რაგბის ძლიერი მხარე ბოლო წლებში ნამდვილად არ ყოფილა.

მათი შერკინება ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამ 20-წლამდელთა შემხედვარე, ეს კოზირი უახლოეს მომავალში არსად გაქრება“.

სტატიის ავტორი რამდენიმე მოთამაშეს განსაკუთრებით გამოყოფს. ესენი არიან თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, დაჩი პაპუნაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, იოანე იაშაღაშვილი და ოთარ ლაშხი. შემდეგ კი გუნდის ორ მთავარ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას:

„მსოფლიოს საუკეთესოებში მოსახვედრად საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ხვრელის ამოვსება მოუწევს. ესენია უფრო ათლეტური ცენტრი და უკანა ხაზი, ასევე უფრო დინამიკური ფლანგები.

ამ ახალგაზრდებს კიდევ დასჭირდებათ დრო, რათა საერთაშორისო რაგბის სტანდარტს გაუტოლდნენ, თუმცა განვითარების ტემპი იმის მანიშნებელია, რომ ლელოებს წინ ნათელი მომავალი აქვთ“.