„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან მორიგ შეხვედრას მართავენ
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის მოდერატორობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პოლიტიკური საბჭოს წევრებს შორის კომუნიკაცია და შესაბამისი კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში შედგა.
პოლიტსაბჭომდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაზე ექვსი პუნქტიდან რამდენიმეზე იმსჯელეს. მისივე განმარტებით, ნაწილზე მოდერატორს საკუთარი პოზიცია უკვე გააცნეს, ხოლო ნაწილთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეაჯერებდა და დანიელსონთან მომდევნო შეხვედრის დროს დააფიქსირებდა მოსაზრებას.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის კორესპოდენტის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი, რომლებიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან მეორე შეხვედრას მართავენ.