„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ გულიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა გულიაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვს ფულად კომპენსაციას 55 555 ლარის ოდენობით, რომელსაც მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

„ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის ვითხოვ 55 555 ლარს, რაც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რომ ეს ამორალური ადამიანები შეურაცხყოფაზე არიან გადასული, რაც არ უნდა შერჩეთ. სარჩელი შეტანილი გვაქვს რომ პასუხი აგონ ამ უმსგავსობასა და სიძულვილის ენაზე, რაც ნაციონალური ტელევიზიებიდან მოედინება. გვარამია და „მთავარი არხი“ ყველაფერს კადრულობენ, ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ეკლესიისა და პატრიარქის, სასულიერო პირების დისკრედიტაციას. ისინი ნებისმიერ რამეზე წავლენ, რომ მათი ბელადის იმედები გაამართლონ, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს გვარამიასა და „მთავარი არხის“ აღვირახსნილი ქმედებები. პასუხი უნდა აგონ. მე პირადად, სამართლებრივად უკან დახევას არ ვაპირებ და ჩემს სიმართლეს დავადასტურებ სასამართლოში“, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.