„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა „ოცნების“ ოფისთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ჰაერში აყარეს.

„ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმრეს, რადგან მან რამდენიმე მარცვალი ლობიო აჰყარა ჰაერში. ვფიქრობთ, ეს არის პრეცედენტული საქმე მსოფლიო სამართალში, არ არსებობს მსგავსი საქმე. ეს შევა ისტორიაში, როგორც ლობიოს საქმე. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იცავს ადამიანების უფლებებს, იჭერენ“ ,- განაცხადა „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა.

აქციის მონაწილეები ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დატოვე კომენტარი