„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომამდე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იკრიბება უმრავლესობა გაფართოებული შემადგენლობით და მსჯელობა იქნება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

„ყველა აქტუალურ საკითხზე იქნება მსჯელობა. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას. ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც მაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩემი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დაესწრება“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხსაც განიხილავენ.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სისტემატურად ყოველი კვირის ბოლოს იკრიბებიან და იხილავენ სხვადასხვა საკითხს.

„უმრავლესობასთან არის შეხვედრა. ჩვენ კვირის ბოლოს ყოველთვის მუშა რეჟიმში ვიკრიბებით პოლიტსაბჭოსთან ერთად და გავდივართ მიმდინარე საკითხებს. ვერ გეტყვით წინასწარ თემებს, განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, რადგან მომავალ სესიაზე დადგება ნიკა მელიას საკითხი. ჩვენ ზოგადად არ გვიჭირს გუნდურობის კუთხით საკითხის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მელიასთან დაკავშირებით იმსჯელებს პარლამენტი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ გუნდურად განვიხილავთ საკითხს“, – განაცხადა ბერაძემ.