„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავის დროზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და მისი ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე, თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.
„როგორც უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა – საქართველოს პარლამენტმა. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი.
„მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს.
რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.