„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ოფისში შეკრებილები იყვნენ შტაბების წარმომადგენლები დედაქალაქის მასშტაბით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკრებულოსა და პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნები და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ნიუანსები იყო.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო პროცესსა და შესაძლო დარღვევებზე ისაუბრეს.

„შევხვდით მაჟორიტარები თბილისის, პარლამენტის, ქალაქის საბჭოსი. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, შესაძლო დარღვევებზე, რაც „ქართული ოცნების“ არათუ სტილია, არამედ სერიოზულად დაგვაზიანებს, თუკი გადაცდომა იქნება, პლაკატის ჩამოხევიდან დაწყებული რაღაც ზეწოლის თემებთან დაკავშირებული. ეს უნდა გამოირიცხოს და ვისაც ჰგონია, რომ ამით რომელიმე პარტიას მხარს უჭერს, პირიქით, იმ პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, თუკი ასე მოხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებზე ვილაპარაკეთ, დამკვირვებლებზე ვისაუბრეთ და საერთოდ ქალაქმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს სამაგალითო და მისაბაძი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ.

„ჩვენ გვყავს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელსაც პარტია, ჩვენი ყველა წევრი, გარდა ვერბალური მხარდაჭერისა, პრაქტიკაში, ცხადია, ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩვენ ვვარაუდობთ იმის გათვალისწინებით, როგორი არის განწყობები, როგორი არის მხარდაჭერა, როგორია დამოკიდებულება საზოგადოების, სალომე ზურაბიშვილს აქვს მაღალი შესაძლებლობა და პოტენციალი, პირველივე ტურში დაუსვას წერტილი საარჩევნო მარათონს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.