„ქართული ოცნება“ - მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს
საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში არის აღნიშნული.
პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.
„აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით.
საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.
საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას, რაშიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.
მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.