„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს
„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

„მოგეხსენებათ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.

საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მობრძანდით, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან ერთად და ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაგეგმილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.