„ქართული ოცნება“ - მზადყოფნას ვაფიქსირებთ, განვიხილოთ განახლებული დოკუმენტიც, რომლის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობები მეტად აღარ დაკორექტირდება
„ქართული ოცნება“ - მზადყოფნას ვაფიქსირებთ, განვიხილოთ განახლებული დოკუმენტიც, რომლის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობები მეტად აღარ დაკორექტირდება

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტს და მზადყოფნას აფიქსირებენ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც.

თუმცა, პარტიაში განმარტავენ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობები მეტად აღარ დაკორექტირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც – განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი