ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს
ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს

2021 წლის 9-11 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის მხარესთან იმართება მოლაპარაკებები, მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებების გახსნითი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროპული მხრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი.

„აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მომავალი (2021- 027) პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალში ევროკავშირის დაფინანსებით  კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორცილებას.

თემატური სესიების დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა  ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება (DCFTA), ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა დაცვა და ქალთა ჩართულობა ბიზნესში; კავშირები (ტრანსპორტი, ენერგეტიკა და გაციფრულება), მწვანე ეკონომიკა და საგზაო უსაფრთხოება; განათლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო განათლებასთან ხელმისაწვდომობა; ციფრული ინფრასტრუქტურა და ციფრული ეკონომიკა; კანონის უზენაესობა და მდგრადი ინსტიტუტები; გარემო და კლიმატი; საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. აღნიშნული დახმარების ფარგლებში  2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში ფინანსური დახმარების ოდენობამ 750 მილიონი ევრო შეადგინა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.