ქართული ლეგიონი - წიტაიშვილის „გრანადამ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვმა მორიგი მატჩი ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელიც უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში „ოლეკსანდრიას“ ესტუმრა და 4:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი დონბასელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა.
გიორგი გულიაშვილმა კი ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-4 ტურში ვერ ითამაშა, რადგან მოსტარში „სარაევოს“ გასვლითი დაპირისპირება „ზრინსკისთან“ გადაიდო.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „ფეროლს“ ესტუმრა და სეზონში პირველი გამარჯვება რიკარდო სანჩესის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა – 1:0.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და 7,4 ქულით საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა.