ქართული ლეგიონი თურქეთში - ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ „ბეშიქთაში“ დაამარცხა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ 80 წუთი ითამაშა „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ თურქეთის სუპერლიგაში – მოულოდნელად, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „ჰატაისპორმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა.
„ანკარაგუჯუმ“ გასვლით მატჩში მოიპოვა ქულა „გირესუნპორთან“ – სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ბერიძე, რომელმაც ზუსტად იმდენი ითამაშა, რამდენიც ლობჟანიძემ – 80 წუთი.
ნიკა გაგნიძე მოხვდა „უმრანიესპორის“ სამატჩო ოქმში, მაგრამ არ უთამაშია საშინაო მატჩი „ფათით კარაგუმრუკთან“, რომელიც სტუმრებმა 3:1 მოიგეს. ზაფხულში ჩარიცხულმა ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში თურქული კლუბის ფორმა სულ 2-ჯერ მოირგო.
„ჰატაისპორმა“ ამ გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილს დააღწია თავი და 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, „ანკარაგუჯუ“ 8 ქულით მე-17 პოზიციაზეა, „უმრანიესპორი“ კი 3 ქულით მე-19 ადგილზეა (თურქეთის სუპერლიგაში 19 გუნდია).