ქართული ლეგიონი | მექვაბიშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ლოჩოშვილი გააძევეს, ნიქაბაძემ „ფახთაქორს“ გაუტანა #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგაში შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ „ობოლონს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
უზბეკეთის სუპერლიგაში „ნავბახორმა“, სადაც თომა ტაბატაძე და გიორგი ნიქაბაძე თამაშობენ, ტაშკენტის „ფახთაქორი“ 5:2 დაამარცხა. მატჩი ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა – თომა ტაბატაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, 90+2-ე წუთზე კი ტაშკენტელთა კარში ბურთი ნიქაბაძემ გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა იტალიის სერია B-ს მორიგი ტური, რომელშიც ქართველის „კრემონეზე“ „მანტოვას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა კრემონელების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მატჩის მიწურულს (90 და 90+3-ე წუთებზე) მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.
ანზორ მექვაბიშვილი ტრავმის შემდეგ რუმინეთის ლიგა 1-ში, „უნივერსიტატეას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და „ჰერმანშტადტის“ დამარცხებაში (3:1) თავისი წვლილიც შეიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,1 ქულა დაიმსახურა.