ქართული ლეგიონი - გულიაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, კაშიამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ შინ „გკს კატოვიცესთან“ ბოლო წამზე გატანილი გოლით 3:4 დამარცხდა და მე-4 ადგილზე დაქვეითდა. კრაკოველთა ქართველმა კაპიტანმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
გურამ კაშიას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში „სკალიცას“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ კი შინ ერთ-ერთ ლიდერთან, „ჟილინასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველმა მცველმა 7,8 ქულა მიიღო, რაც მეორე საუეკთესო შეფასება აღმოჩნდა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბოსნიის პრემიერლიგაში „სლოგა“ 2:0 დაამარცხა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკისთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 82 წუთი ითამაშა და სეზონში მე-11 გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. მის ანგარიზე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„ნარვამ“, სადაც შალვა ბურჯანაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სერგო კუხიანიძე თამაშობენ, ესტონეთის პრემიუმლიგის ბოლო ტურის მატჩი შინ „კურესაარესთან“ 0:2 წააგო და სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. ცნობილი გახდა, რომ ვაჟა ნემსაძემ გუნდი სეზონის დასრულებამდე დატოვა.