ქართული ლეგიონი - გოლები ავსტრიიდან ავსტრალიამდე #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - გოლები ავსტრიიდან ავსტრალიამდე #1TVSPORT

ქართველი ლეგიონერებისთვის განვლილი უქმეები წარმატებული გამოდგა. სხვადასხვა ქვეყანაში მოთამაშე ჩვენმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინეს ავსტრიით დაწყებული და ავსტრალიით დასრულებული.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოთარ კიტეიშვილმა ვენის „რაპიდთან“ მესამე გოლი გაიტანა და „შტურმს” გამარჯვება გაუფორმა – 3:1. გრაცის გუნდისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და მეტოქის კარი 70-ე წუთზე აიღო, ეს მისთვის სეზონში მეოთხე გოლი იყო.

უკრაინის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებში მშვენიერი თამაშის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა. „შახტარში“ დაბრუნებულმა განაპირა მცველმა ოდესის „ჩერნომორეცთან“ გამოიჩინა თავი. ქართველმა ორი მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა, მაგრამ დონეცკელებმა ორი ქულა დაკარგეს – 2:2.

ავსტრალიის A-ლიგაში ბექა მიქელთაძემ პენალტით გახსნა ანგარიში (მეექვსე გოლი სეზონში), მაგრამ „ნიუკასლ ჯეთსმა“ (რომელიც ბექა დარცმელიამ დატოვა) გასვლაზე ლიდერ „მელბურნ სიტისთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 1:1.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა მიხეილ ერგემლიძემ, მაგრამ ამან „აკადია პანდევს” გასვლაზე „სტრუგასთან“ მაინც ვერ უშველა და გუნდი 1:3 დამარცხდა. „დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელისთვის ახალ გუნდში ეს მეექვსე მატჩი იყო.

ესპანეთის სეგუნდა RFEF-ში „ალსირას“ 26 წლის ნახევარმცველმა ლადო მოხევიშვილმა (საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წვერი) „ლეიდასთან” (2:2) საშინაო მატჩი შეუცვლელად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ლატვიის „ვირსლიგაში“ „ტუკუმსთან“ გასვლაზე „მეტას“ გამარჯვებაში (2:1) თავისი წვლილი 19 წლის მარცხენა მცველმა, ზურაბ რუხაძემ გამარჯვების მომტანი გოლით შეიტანა. ეს სეზონში ქართველის გუნდის პირველი გამარჯვება იყო.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ლუკა იმნაძემ, რომლის „ყიზილ ჟარამ“ გასვლაზე „აქტობე“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა გადრანმა, ხოლო იმნაძის თანაგუნდელმა თამაზ მაქაცარიამ დაისვენა.

ირანის პროლიგაში თავი გამოიჩინა „პერსეპოლისის“ ლიდერმა გიორგი გველესიანმა, რომელმაც გასვლაზე „მეს რაფსანჯანისთან“ ერთადერთი გოლით გუნდს სამი ქულა მოუტანა – 1:0. ქართველმა მცველმა ანგარიში 30-ე წუთზე პენალტით გახსნა.