ქართული კალათბურთი 2022 წელს - შორს ევრობასკეტის პლეი-ოფთან, ახლოს მსოფლიო ჩემპიონატთან [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული კალათბურთი 2022 წელს - შორს ევრობასკეტის პლეი-ოფთან, ახლოს მსოფლიო ჩემპიონატთან [ვიდეო] #1TVSPORT

რიცხვი 2022 – სამი ორიანისგან შედგება, წყვილია, ვიზუალურად ჰარმონიულიცაა, თუმცა ქართული კალათბურთისთვის მეტად არათანაბარი და კონტრასტული გამოდგა.

 

ლეგიონი

დავიწყოთ წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენით: თორნიკე შენგელიამ სოცქსელში დაწერა, აგრესორ ქვეყანაში აღარ ვითამაშებო და მოსკოვის ცსკა დატოვა. მას ბევრმა მისმა თანაგუნდელმა მიბაძა. ის ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდა, უმალ იქცა ლიდერად და მოიგო ევროთასი.

წლებია, „ტენერიფეში“ წარმატებით ასპარეზობს გიორგი შერმადინი, რომელიც თორნიკეს არ ჩამორჩა და ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

გიორგისთან ერთად ესპანეთში ბექა ბურჯანაძე თამაშობდა, რომლის „ბეტისი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ბექა ახალ სეზონში იტალიური „რეჯო ემილიას“ ღირსებას იცავს.

კორონავირუსის შემდეგ თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა დუდა სანაძეს, თუმცა მეორე ნახევარში ჩვეულად ათამაშდა. შემოდგომაზე კი კვიპროსის „ოლ სტარშიც“ მოხვდა.

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორი წარმომადგენელი გვყავს – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. ახალგაზრდები არიან, თუმცა NBA-ში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება აქვთ და არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ. დროის სიმცირეს უჩივის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილიც…

2022 წელს კარგი იყო: სანაძის „ოლ სტარი“, შენგელიას ევროთასი, შერმადინის ჩემპიონთა თასი…

ცუდი იყო: ახალგაზრდა ქართველების არასაკმარისი სათამაშო დრო…

 

ჩემპიონი

საქართველოს სუპერლიგა „ქუთაისმა“ მოიგო. იმერულმა კლუბმა სტაბილური თამაშით ეს ტიტული ნამდვილად დაიმსახურა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი იმერული გუნდის თავკაცი კოტე ტუღუში გახდა, ხოლო საუკეთესო კალათბურთელად „ოლიმპის“ (ფინალისტი) ლიდერი კახა ჯინჭარაძე დასახელდა.

კარგია: „ქუთაისის“ დამსახურებული ჩემპიონობა…

ცუდია: ექვსი წელია, არცერთი ქართული გუნდი ევროტურნირებზე არ გასულა. როდესაც ნაკრების სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, კლუბების ევროსარბიელზე არ გავამახვილოთ ყურადღება – ძლიერი ნაკრები ძლიერი საკლუბო კალათბურთის გარეშე წარმოუდგენელია.

 

ევრობასკეტი

საქართველოს ნაკრებს ძლიერი ხუთეული ჰყავს, მაგრამ დიდია კონტრასტი სასტარტოებსა და სათადარიგოებს შორის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ კლუბები ევროტურნირებზე არ თამაშობენ და შიდა ჩემპიონატის კალათბურთელებს არ აქვთ საშუალება, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში აიმაღლონ კლასი.

ეს კარგად გამოჩნდა ევრობასკეტზეც. კონტინენტის უმთავრესი საკალათბურთო მოვლენის თანამასპინძელი საქართველო იყო. აშენდა 10-ათასიანი დარბაზი და იმის ნაცვლად, რომ ქომაგის დახმარებით გუნდი აღმაფრენით გამოსულიყო, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო – თურქეთთან, ორ ოვერტაიმში – და ჯგუფიდანაც ვერ გავიდა.

წარუმატებლობის მთავარი მიზეზი გუნდის ღერძის, თორნიკე შენგელიას ტრავმა იყო, რომელმაც ევრობასკეტი გამოტოვა. კოჭის ტრავმით თამაშობდა გოგა ბითაძე…

კარგი იყო – ქართველმა გულშემატკივრებმა ევროპის ვარსკვლავები ნახეს, მათ შორის, მომავალი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები…

ცუდი – საქართველოს ნაკრები დამარცხდა ბელგიასთან, ესპანეთთან, ბულგარეთთან, მონტენეგროსთან და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი

ცოტა უცნაურია, მაგრამ როდესაც ნაკრებსა და 2022 წელს ერთდროულად ვახსენებთ, გონებაში არა ევრობასკეტი, არამედ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ამოტივტივდება.

კონტრასტები იქ იყო თუ იყო: დიდი გამარჯვება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან, დიდი სხვაობით წაგება უკრაინასთან… გემახსოვრებათ მეტოქის მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის უხამსი ჟესტიც…

მერე ურთულესი მოგება ისლანდიაში და თითქმის მოგებული მატჩის წაგება თბილისში, იტალიასთან. შეგვეძლო ეს პუბლიკაცია სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპით დაგვეწყო, მაგრამ…

ჩვენ ხომ 2022-დან 2023-ზე გადავდივართ. მსოფლიოს შესარჩევიც 2023-ში გაგრძელდება. დარჩენილია ორი მატჩი, რომელთა მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველად მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მეტოქეებად ისეთი გუნდები გვყავს, ჩვენს ნაკრებს კლასით რომ არ აღემატებიან – ისლანდია და ნიდერლანდები. უნდა მოვიგოთ.

ცუდი? – ცუდი 2022-ს წაეღოს!