ქართული ღვინის ექსპორტი იანვარში 22 პროცენტით გაიზარდა
ქართული ღვინის ექსპორტი იანვარში 22 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 2019 წლის იანვარში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33 პროცენტით მეტია.

სააგენტოს ცნობით, წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია.

„2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით, როდესაც საქართველოდან განხორციელდა 86,2 მლნ ბოთლის ექსპორტი, ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იანვრის მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაოდენობის 22 პროცენტიანი ზრდის ფონზე, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 33 პროცენტით გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 52 პროცენტი (268724), ჩინეთი – 12 პროცენტი (281229), დიდი ბრიტანეთი – 110 პროცენტი (7800) და აშშ – 1639 პროცენტი (62609); ასევე ევროპის მიმართულებით: გერმანია – 235 პროცენტი (63210), შვედეთი – 100 პროცენტი (9000), ბულგარეთი – 6 პროცენტი (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: აზერბაიჯანი – 100 პროცენტი (5790), მონღოლეთი – 100 პროცენტი (66012), რუსეთი – 30 პროცენტი (4602218), ბელარუსი – 100 პროცენტი (43272) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი – 4 602 218 ბოთლი, უკრაინა – 553 164 ბოთლი, ჩინეთი – 281 229 ბოთლი, პოლონეთი – 268 724 ბოთლი და ყაზახეთი – 156 120 ბოთლი.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა.