ქართული ფეხბურთი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - ჩვენი ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას CNN-მა ემოციური სტატია მიუძღვნა #1TVSPORT
ქართული ფეხბურთი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - ჩვენი ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას CNN-მა ემოციური სტატია მიუძღვნა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალები კვლავ ბევრს წერენ. „ჯვაროსნების“ ისტორიულ გამარჯვებას ამჯერად CNN-ი გამოეხმაურა.

„იყო სიხარულის ცრემლები, ზეიმი თბილისის ქუჩებში, სტადიონზე გულშემატკივრების შევარდნა. საქართველომ დახვეწილ სტილში აღნიშნა საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება, რომელმაც გუნდს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, გოლი ვერც დამატებით დროში გავიდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც საქართველომ 4:2 მოიგო. ნიკა კვეკვესკირმა კი გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა დ მასპინძლები ბედნიერებისგან სიგიჟის ზღვრამდე მიიყვანა. მაყურებლები სიხარულის ყიჟინით ტრიბუნებიდან დაიძრნენ და საფეხბურთო მოედანი აავსეს, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში, თეთრად და წითლად შეიღება. სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ გასახდელში ფხბურთელები, გულშემატკივრებმა კი საქართველოს დედაქალქის ქუჩებში ამაღელვებელი დღესასაწაული მოაწყვეს.

„ზოგიერთს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ ახლა ირწმუნებენ. ბედნიერები ვართ. არასდროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ემოციები არ განმიცდია, – მოჰყავს ქართველების თილისმის, ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვები 1TV Sport-ს, – მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. უამრავ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს. თქვენ ამ გამარჯვების მთავარი გმირები იყავით“.

საღამო ძალიან დაძაბული იყო. არცერთ გუნდს არ სურდა, დაეთმო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა. დაძაბულობამ აპოგეას მაშინ მიღწია, როცა ყველაფერი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. სწორედ საქართველომ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად გასვლა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ.

გუნდი, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი ავარჯიშებს, F ჯგუფშია, სადაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.