ქართული დუელი ესპანეთში - შერმადინის „ტენერიფემ“ ბურჯანაძის „გრან კანარის“ სძლია (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელების დუელი შედგა – გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ უმასპინძლა და 99:80 გაიმარჯვა.
თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ტენერიფელებმა აღმავლობით ჩაატარეს და ათწუთეული 36:28 მოიგეს.
ტრადიციულად, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შერმადინი გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი +23 იყო. სტატისტიკა ასეთი ჰქონდა: 27 წუთი, 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. გიორგის ანგარიშზე 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მან 14 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა. 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი – ასეთი იყო ბექას მონაგარი შეტევაში.
10 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში 9 მოგებით მეორე პოზიციაზეა „ტენერიფე“, რომელიც მხოლოდ წაუგებელ „რეალს“ ჩამორჩება. „გრან კანარია“ 2 გამარჯვებით მეჩვიდმეტე ადგილზეა.
შერმადინის გუნდს უახლოესი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 17 ნოემბერს ელის – „გალათასარაის“ სტამბოლში ესტუმრება. ბურჯანაძის თანაგუნდელები კი 18 ნოემბერს სლოვენიის „ოლიმპიას“ მიიღებენ.