ქართული დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა
ქართული დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა

ქართული დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რაც დავაარსეთ და განხორციელდება ამ ზაფხულს, იქნება ბანაკი სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, საქართველოში ერთად იცხოვრონ და იქ მიიღონ ქართული ენის გაკვეთილები. გაიცნონ, ვინ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ადგილზე გაიცნონ ერთმანეთი, ისწავლონ და ილაპარაკონ ქართულად. ასევე, სახელმძღვანელოების საკითხი არის ძველი საკითხი. მგონი, ეს ნელ-ნელა იცვლება. ამაში დახმარება არსებობს, მაგრამ დღევანდელ დღეს მაინც უფრო გადავდივართ ახალ სივრცეებში, რომელსაც ჰქვია ინტერნეტი, „ფეისბუქი“, დისტანციური სწავლება და ეს უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტია ქართული ენის დისტანციური სწავლება, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერიმენტის სახით განხორციელდა ლონდონში საქართველოს საელჩოში.

„ერთი გეგმა არსებობს, რომელიც ჯერ მთლიანად არ არის ძალაში შესული – განათლების სამინისტროდან დაარსდეს ქართული ენის დისტანციური სწავლება, რათა დიასპორის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, საელჩოდან მიიღონ დისტანციური სწავლება და ამავე დროს ადგილზე იყოს რეპეტიტორი. იყო ამის ერთი-ორი ექსპერიმენტული მცდელობა, ლონდონის საელჩოში მიმდინარეობდა. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ დიასპორას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.