„ქართული ბრენდის დღე 2019“-ზე საქართველოს პირველი არხის ორი გადაცემა დაჯილდოვდა

ნაციონალური ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პირველი არხის ორი პროექტი – „ახალი დღე“ და „ფერმა“ დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო, რეინტინგული და სანდო ტელეპროექტები.

„ქართული ბრენდის დღე 2019“-ის ფარგლებში, გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდპერსონა.

„2020 წელს ფერმას უსრულდება ათი წელი. ჩვენთვის ეს არის ძალიან საპატიო ჯილდო, ბრენდის სტატუსი. ვფიქრობ, ამითი დაფასდა ჩვენი 10-წლიანი შრომა, ყველა წამყვანის, რეჟისორის, ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის. ამ გადაცემას გუნდი ქმნის და ჩვენი გუნდი რომ ასე დაფასდა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვიქმნის, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ფერმერები, გლეხები, მეწარმეები, ადამიანები, ვისი პროდუქტიც მათი მინდვრებიდან მოდის ჩვენს სუფრამდე“, – განაცხადა გადაცემა„ფერმის“ ავტორმა და პროდიუსერმა, თამარ ბოლქვაძემ.

„ახალი დღის“ წამყვანმა, დავით გორგილაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორებს.

„ასევე, მინდა, მივულოცო სხვა გამარჯვებულებს. ეს ჯილდო იმის დასტურია, რომ დილის 05:00 საათზე გაღვიძება ფუჭი არ არის და ღირს ამ საქმის გაგრძელება“, – აღნიშნა დავით გორგილაძემ.