ქარის თასზე სადებიუტო მატჩში „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ქარის თასზე სადებიუტო მატჩში „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

„შავი ლომი“ ქარის თასზე სადებიუტო შეხვედრას შაბათს, 2 აპრილს, საქართველოს დროით 16:00 საათზე ზიმბაბვეს „გოსჰოქსთან“ გამართავს.

გოსჰოქსი“ ზიმბაბვეს ნაკრების საბაზო გუნდია, რომელიც ეროვნული, 7-კაცა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი, 1989 წელს სწორედ ზიმბაბვესთან გამართა (ქუთაისში) და მეტოქე 16:3 დაამარცხა.

პირველ ორ შეხვედრაში „შავ ლომს“ ლადო კილასონია უხელმძღვანელებს და სადებიუტო მატჩისთვის მან 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გოგა ქადარია და ნიკა პატარაია. მარქაფაში არიან ლევან ჭავჭავაძე, მიხეილ ორაგველიძე და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში თამაშს იწყებენ ლაშა ჯაიანი და მიხეილ ბაბუნაშვილი, შეცვლაზე კი ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მესამე ხაზში არიან გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ლუკა ივანიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთს სანდრო მამამთავრიშვილი შეცვლის.

9-10 ნომერზე ძირითადში არიან გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი, ცენტრში გურამ ქანდაურაშვილის და დემურ თაფლაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე თამაშს თემურ ჭიჭინაძე და სანდრო სვანიძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი მირიან მოდებაძეა. ხაზში შეცვლაზე ვიხილავთ თენგიზ პერანიძეს, ლუკა მატკავას და შალვა აფციაურს.

შემადგენლობაში 10 ბორჯღალოსანია და მათგან 6-ს 10-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი – მოდებაძე, თაფლაძე, ბეგაძე, ჯაიანი, თხილაიშვილი და ჭეიშვილი.

განაცხადში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აქამდე „შავი ლომის“ შემადგენლობაში არ უთამაშია – თხილაიშვილი, ჭიჭინაძე, ჭავჭავაძე და შალვა აფციაური.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი