საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის თეატრ „შატლეში“ ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ შეაჯამა 2021-22 წლის საფეხბურთო სეზონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი და სხვა ლაურეატები გამოავლინა. ცერემონიის წამყვანი იყო დიდიე დროგბა.
საღამოზე პირველი გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (კოპა ტროფი) ნომინაციაში გამოვლინდა. ნომინანტები იყვნენ: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა (რეალი), გავი (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი) და ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).
პრიზის მფლობელი გახდა გავი. აღსანიშნავია, რომ შარშან ეს ჯილდო „ბარსელონას“ კიდევ ერთმა ნახევარმცველმა პედრიმ მოიგო.
პირველად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ისტორიაში გამოვლინდა სოკრატესის პრიზის მფლობელი. ეს ჯილდო გადაეცემა ფეხბურთელს, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოციალური მოღვაწეობის კუთხით. პრიზის პირველი მფლობელი გახდა „ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე. ჯილდო მან სოკრატესის ძმისგან რაისგან მიიღო.
ამის შემდეგ უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ „ოქროს ბურთი“ გადასცა სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს. ზედიზედ მეორედ ეს პრიზი მიიღო „ბარსელონას“ შემტევმა ალექსია პუტელიასმა. გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილები ინგლისელმა ფეხბურთელებმა – ბეთ მიდმა და სემ კერმა დაიკავეს.
შემდეგი ნომინაცია იყო სეზონის საუკეთესო ფორვარდი (გერდ მიულერის სახელობის პრიზი). გამარჯვებული გახდა „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი. France Football-მა ეს პრიზი 2021 წელს დააარსა და პოლონელმა ზედიზედ მეორედ მოიგო. ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა. მისი კონკურენტები იყვნენ: იასინ ბუნუ (სევილია), ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), მაიკ მენიანი (მილანი), ედუარ მენდი (ჩელსი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო), კევინ ტრაპი (აინტრახტი), უგო ლორისი (ტოტენჰემი).
ამის შემდეგ გამოაცხადეს სეზონის საუკეთესო კლუბები: მესამე ადგილზე გავიდა „რეალი“, მეორეზე – „ლივერპული“, პირველზე – „მანჩესტერ სიტი“.
საღამოს მიწურულს სცენაზე უხმეს ზინედინ ზიდანს. სწორედ მას ერგო მამაკაცებს შორის „ოქროს ბურთის“ მფლობელის დაჯილდოვების პატივი. ლეგენდარულმა ფრანგმა თანამემამულის სახელი გამოაცხადა – 2021-22 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა გახდა.
34 წლის ბენზემამ გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან „რეალთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგა და სამივე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.