ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი | ესპანეთის ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გაირკვა. ეპანეთის ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა – 2:1.

შეხვედრის 80 წუთი დაძაბულ ბრძოლაში მიილია. გოლის გატანას კი ვერცერთი გუნდი ახერხებდა. მთავარი მოვლენები ბოლო ათ წუთში განვითარდა – ერთმანეთზე უკეთესი სამი გოლი ვიხილეთ.

81-ე წუთზე ესპანელმა პარალუელომ გახსნა ანგარიში, 7 წუთში ბლომკვისტმა გამოზომილი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1. შვედეთის ნაკრების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – 89-ე წუთზე ესპანელმა კარმონა გარსიამ შორეული დარტყმით საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 20 აგვისტოს გაიმართება. ესპანეთის ნაკრების მეტოქეს ინგლისისა და ავსტრალიის მატჩი გამოავლენს. ეს ნახევარფინალი 16 აგვისტოს გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.