ქალთა ლიგის მე-11 ტური - ცენტრალური მატჩის ჩაშლის მიუხედავად, „ლანჩხუთი“ ისევ ლიდერია #1TVSPORT
ქალთა ლიგის 2021 წლის რეგულარული ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. მეორეადგილოსანმა თბილისის „კვარტალმა“ „პეტრო არენაზე“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელებმა ანგარიში 50-ე წუთზე, „კვარტალის“ ლეგიონერის, ლაურა ლებერის გოლით გახსნეს. 17 წუთში, ნინო სუთიძემ მეტოქის კარი მეორედ აიღო. „კვარტალს“ ანგარიშის სამამდე გაზარდაც შეეძლო, თუმცა, მე-80 წუთზე „მართვეს“ კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენეს.
გორის „პარკი არენაზე“ „გორი იუნაიტედმა“ „ბათუმი“ 5:0 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა შეასრულა, ორი გოლიც ნათია სხირტლაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ „ნიკე“ დატოვა და გორელების ფორმით სადებიუტო დუბლი გაიფორმა.
ხობის „კოლხეთი“ კი „ნორჩ დინამოს“ დაუზავდა – 1:1. ორივე სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილისთვის იბრძვის, რაც მედლებისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა და მატჩიც დაძაბული გამოდგა. ანგარიში, 28-ე წუთზე მასპინძლებმა ნატა კვირკვაიას გოლით გახსნეს. ანგარიშის გათანაბრება 73-ე წუთზე ლიკა მანუჩარაშვილმა მოახერხა. შეხვედრის მიწურულს, ერთ-ერთმა ხობელმა 4-წუთიან შუალედში, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა შეხვედრა 10 მოთამაშით დაასრულეს. თუმცა, სტუმრებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა.
ქალთა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტარლური შეხვედრა „ნიკე“ – „ლანჩხუთი“ ჩაიშალა. სფფ-ს ცნობით, მასპინძლებმა თამაშზე უარი განაცხადეს. უახლოეს მომავალში, ამ ფაქტს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი განიხილავს.
რეგულარული ჩემპიონატის დასასრულამდე 3 ტურით ადრე, ქალთა ლიგას „ლანჩხუთი“ ლიდერობს, რომელსაც 4 ქულით თბილისის „კვარტალი“ ჩამორჩება. მომდევნო, მე-12 ტური, 28 ივნისს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი
1. ლანჩხუთი 11 31
2. კვარტალი 11 24
3. ნიკე 11 20
4. კოლხეთი 11 20
5. ნ. დინამო 11 17
6. გორი 11 9
7. მართვე 11 4
8. ბათუმი 11 1