ქალთა ფეხბურთში ფიფა მილიარდს დახარჯავს 
ქალთა ფეხბურთში ფიფა მილიარდს დახარჯავს 

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ისტორიაში პირველად, ფიფა-ს საიუბილეო 70-ე კონგრესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ვიდეოკონფერენციას პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

საიუბილეო კონგრესის ძირითადი თემა კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად, ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები იყო.

პანდემიამ ფეხბურთს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ორგანიზაციას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში ყველა წევრ ასოციაციას დაეხმაროს“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.

​ფიფა-ს 70-ე კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ქალთა ფეხბურთი იყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წევრ ასოციაციებთან ერთად ქალთა ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა განიხილა, რომლის მიხედვითაც ფიფა 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ერთ მილიარდ დოლარს დახარჯავს.

​კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ფიფა-მ წევრ ასოციაციებს 2019-2020 წლების ფინანსური ანგარიში და 2021 წლის ბიუჯეტის წარუდგინა. ​მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ფიფა-ს 70-ე კონგრესზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მსგავსი ღონისძიებები შესაძლოა, მომავალშიც ონლაინ რეჟიმში გაიმართოს.