ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა #1tvმეცნიერება
ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა #1tvმეცნიერება

32 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის.

კელესი ჰეტჩერი საკუთარ ამბებს მისსავე Instagram ანგარიშზე, სახელად doubleuhatchlings უზიარებს საზოგადოებას. 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა — იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც, ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.

მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერაზე ვიზიტისას, სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპებს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც — ნაყოფი ორივე საშვილოსნოში იყო წარმოდგენილი.

„გავოგნდით, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი ვიცინეთ“, — წერს კელესი.

„დიდი ალბათობით მოხდა ისე, რომ მას ოვულაცია ცალ-ცალკე ჰქონდა და ფალოპის ლულაში (კვერცხსავალი) თითო კვერცხუჯრედი ჩავიდა, საშვილოსნოს ორივე მხარეს განლაგდნენ. ამის შემდეგ, სპერმამ ორივე საშვილოსნოში შეაღწია და განაყოფიერება ცალ-ცალკე მოხდა“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის გინეკოლოგი შვეტა პატელი.

მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი საშვილოსნოს მქონე ქალებს ხშირად გართულებული ორსულობა აქვთ, ჰეტჩერის წინა სამივე ბავშვი ჯანმრთელი და თავის დროზე დაიბადა.

ორივე საშვილოსნოთი ორსულობა უკიდურესად იშვიათია. ჰეტჩერის თქმით, როგორც მას სპეციალისტებმა უთხრეს, ამის შანსი 50 მილიონში ერთია. ბოლოს ასეთი ფაქტი 2019 წელს ბანგლადეშში აღირიცხა, როდესაც 20 წლის არიფა სულთანამ ჯანმრთელი ტყუპი 26-დღიანი შუალედით გააჩინა.

ჰეტჩერს იმედი აქვს, რომ ორივე გოგონას ბუნებრივი მშობიარობით გააჩენს, დაახლოებით შობისკენ.

თუმცა, საშვილოსნოები სხვადასხვა დროს შეიკუმშება, შეიძლება წუთების, საათების ან დღეების შუალედით. ამიტომ, ჰეტჩერმა და მისმა მეუღლემ იციან, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.