ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კორტეჟს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კორტეჟს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე ასახული ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კორტეჟს შუა თითს აჩვენებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ფოტო 28 ოქტომბერს ვირჯინიაში, ტრამპის გოლფის კომპლექსთანაა გადაღებული.

ფოტოზე ასახული ქალი 50 წლის ჯული ბრიკსმანია. ის ამტკიცებს, რომ კომპანიამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება Facebook-ის სტატუსის გამო მიიღო. ბრიკსმანმა აღნიშნული ფოტო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ, ის სამსახურში დაიბარეს და მის საქციელს უხამსი უწოდეს. როგორც ბრიკსმანი ამბობს, მან კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ფოტო არასამუშაო საათებში იყო გადაღებული და არც სოციალურ ქსელში ჰქონდა ნახსენები საკუთარი დამქირავებლების ვინაობა. შესაბამისად, მისი მტკიცებით, ფოტო კომპანიის რეპუტაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა და არც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო.