ქალების გარეშე ესტონეთს, შესაძლოა, წვევამდელებისა და რეზერვისტების დეფიციტი შეექმნას

14:28, 16.11.2026
ესტონეთის თავდაცვის ძალებში ქალები და კაცები მხარდამხარ მსახურობენ

ესტონეთის თავდაცვის ძალებში ქალები და კაცები მხარდამხარ მსახურობენ

მომავალში ესტონეთი, დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, საკმარისი რაოდენობის წვევამდელებს ვეღარ შეაგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალებზეც უნდა გავრცელდეს – ეს განცხადება გადამდგარმა ესტონელმა გენერალმა, ვეიკო-ველო პალმმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით გააკეთა.

ტარტუს უნივერსიტეტში თავდაცვის მინისტრ მარტინ ჰერემის საჯარო ლექციაზე სიტყვით გამოსვლისას, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, ვეიკო-ველო პალმმა აღნიშნა, რომ 2040 წლისთვის ესტონეთი წელიწადში 4 100-ზე მეტი წვევამდელის გაწვევას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ქალების ჩართულობა ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას და პროცესებს მეტ რაციონალურობას შესძენს.

თავდაცვის ძალებში ქალთა სავალდებულო გაწვევის საკითხი ბოლო თვეებში უკვე არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდი, რეალურად, გაცილებით დიდხანს გრძელდება, ვიდრე თავად სამსახურის ვადა (დაახლოებით ერთი წელი), რადგან წვევამდელები რეზერვისტთა სიებში რჩებიან და შემდგომ წლებში ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობა ევალებათ.

პალმის თქმით, მთავარი გამოწვევა სწორედ ამ რეზერვის განახლებაა. „შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ დღევანდელი 55 წლის ადამიანი იგივეა, რაც ძველ დროში 35 წლისა იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ასე ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა მან.

„რეზერვის განახლებისთვის, როგორც ჩანს, სხვა გზა არ გვაქვს, გარდა სრული, საყოველთაო გაწვევისა“, – განაგრძობს პალმი. მისი განმარტებით, სავალდებულო სამსახურის პირობებშიც კი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ესტონეთი თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების მხოლოდ 50 პროცენტზე ოდნავ მეტის გაწვევას ახერხებს. „გაწვევამდე დანაკარგების მაჩვენებელი ძალიან მაღალია – სიკვდილიანობის გამო, ეს, საბედნიეროდ, იშვიათად ხდება, პრობლემა, ძირითადად, წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით იქმნება“.

ვეიკო-ველო პალმი ტარტუს უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე სიტყვით გამოსვლისას / ფოტო: ტარტუს უნივერსიტეტი

პალმის თქმით, ამის მიუხედავად, ესტონეთის მდგომარეობა, ფინეთთან შედარებით, არც ისე ცუდია: „ფინეთშიც საყოველთაო გაწვევაა, მაგრამ იქ სამხედრო მომზადებას თითოეული ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით 60 პროცენტი გადის“.

რაც შეეხება ფიზიკურ სტანდარტებთან დაკავშირებულ არგუმენტს, რომელსაც ქალთა გაწვევის მოწინააღმდეგეები ხშირად იშველიებენ, პალმმა აღნიშნა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა ქალი მამაკაცებისთვის დადგენილ ყველა ფიზიკურ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. „პირველი კონტრარგუმენტი ის არის, რომ თავად მამაკაცებსაც განსხვავებული ფიზიკური სტანდარტები აქვთ“ – თავდაცვის ძალები უკვე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ 50 წლისა და 22 წლის მეტყვიამფრქვევეები განსხვავებულ ფიზიკურ კონდიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ.

პალმის თქმით, ნამდვილ პრობლემას ფიზიკური გაბარიტები წარმოადგენს, რის გამოც სახელმწიფომ ქალების შესაფერისი აღჭურვილობაც უნდა შეიმუშაოს. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კუთხით, როგორებიცაა ნამსხვრევებისგან დამცავი ჟილეტები, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები“, – განაგრძო მან.

პალმი ასევე ამტკიცებს, რომ ესტონეთის თავდაცვის ძალებში ქალების ფართო ჩართულობა უფრო რაციონალურ და ლოგიკურ ქცევასა და აზროვნებას შეუწყობს ხელს: „თავდაცვის ძალებში ქალების მონაწილეობა უდავოდ დადებითად აისახება როგორც თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელობაზე, ისე სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაზე“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რაიტ მარუსტემ მაისში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის ვალდებულება ქალებზეც უნდა გავრცელდეს. მხოლოდ მამაკაცებზე გათვლილ სისტემას მან „დისკრიმინაციული“ უწოდა და განაცხადა, რომ თანამედროვე თავდაცვის სისტემაში არსებობს მრავალ ისეთა ფუნქცია, რომელიც ფიზიკურ ძალას არ საჭიროებს.

დაახლოებით იმავე პერიოდში, თავდაცვის რესურსების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ანუ რანავესკიმ თქვა, რომ ქალთა სავალდებულო გაწვევა „უფრო დროის საკითხია და არა იმის, მოხდება თუ არა ეს საერთოდ“. მისი ინფორმაციით, ოქტომბერში აქტიურ სამხედრო სამსახურში დაახლოებით 250 ქალი იმყოფებოდა. რანავესკის აზრით, ქალებს ნებისმიერი ტიპის სამხედრო ქვედანაყოფში შეუძლიათ მსახურება, მათ შორის – სპეცდანიშნულების ძალებში, საინჟინრო დანაყოფებსა და სამხედრო დაზვერვაში.

მიმდინარე წელს, სამხედრო სამსახურში გაწვეულთა რაოდენობა ჩვეულებრივი 4 000-დან დაახლოებით 700-მდე შემცირდა. მოხალისედ ჩარიცხვის მსურველმა 32-ვე ქალმა თანხმობა მიიღო, მაშინ როდესაც მამაკაც კანდიდატთა დაახლოებით ორ მესამედს უარი ეთქვა.

თავდაცვის მინისტრი, მარტინ ჰერემი და ესტონეთის თავდაცვის ძალების ამჟამინდელი მეთაური, ანდრუს მერილო, რომელმაც მთავარსარდლის პოსტზე ჰერემი შეცვალა, მიიჩნევენ, რომ ქალების სამხედრო სამსახურში ჩართვა უნდა წახალისდეს, თუმცა გაწვევა ნებაყოფლობითი უნდა დარჩეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქალები უკვე მსახურობენ ესტონეთის თავდაცვის ძალებში, როგორც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები, ასევე მონაწილეობენ მოხალისეთა თავდაცვის ლიგისა და მისი ქალთა ორგანიზაციის, „ნაისკოდუკაიტსეს“ (Naiskodukaitse) საქმიანობაში.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტო: ესტონეთის თავდაცვის ძალები (EDF)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი, 2026 წელი, 13:49 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი