ქალაქ ლაგოდეხის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით ირეცხება
ქალაქ ლაგოდეხის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით ირეცხება

კორონავირუსის პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ქალაქ ლაგოდეხის ცენტრალური ქუჩების, ტროტუარების და პარკების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

ლაგოდეხის მერიის მიერ ორგანიზებულ პროცესში ჩართულია მერიის აიიპ ლაგოდეხის ცენტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამსახურის მეხანძრე მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ეს არის, იმ ღონისძიებების გაგრძელება, რომელიც უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტში.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ კორპუსების სადარბაზოების დეზინფიცირება, ასევე ცალკეული შენობებისა და ობიექტების, ახლა კი კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ხსნარით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ვამუშავებთ, სადაც შედარებით მეტი მოქალაქე გადაადგილდება. მინდა, მოსახლეობას მოვიწოდო გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციები და დარჩნენ სახლში, ამით გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხივის სიცოცხლეს“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა.

ლაგოდეხში სადეზინფექციო სამუშაოები კომენდანტის საათის დაწყებისთანავე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდება.