ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან კარვები გაშალეს
ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან კარვები გაშალეს

ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან კარვები გაშალეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან კარვები ღამით გაშალეს, მას შემდეგ რაც ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ ცნობები გავრცელდა.

მძევლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზის ოკუპაცია საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.

„აქ ვიქნებით, კარვებში, ვიდრე ნეთანიაჰუ არ მოისმენს და არ შეასრულებს ხალხის ნებას – ყველა მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და ომის დასრულებას“, – სკანდირებენ მძევლების ოჯახის წევრები.

ამასთან, მათივე განცხადებით, ყოველ საღამოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ დემონსტრაცია გაიმართება.