ქალაქ დეგუში, რომელიც სამხრეთ კორეაში ეპიდემიის ეპიცენტრი იყო,  კოვიდინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ქალაქ დეგუში, რომელიც სამხრეთ კორეაში ეპიდემიის ეპიცენტრი იყო, კოვიდინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში, რომელიც „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის ეპიცენტრი იყო, დაინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ეს ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, ბოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად მოხდა.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ერთ დღეში სულ ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მსგავსი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 50 დღის განმავლობაში პირველად აღინიშნა.

პოზიტიური მონაცემების პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღდგომის კვირაში მასობრივი შეკრებების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა რელიგიურ ჯგუფებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან. პარალელურად, სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საარჩევნო უბნები ორი დღით ადრე გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, მასობრივი თავშეყრის პრევენციაა. ამომრჩევლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და საარჩევნო რიგში ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით უნდა დადგნენ. ხმის მიცემის დროს, ყველა ადამიანს ხელების დეზინფექცია და პლასტიკური ხელთათმანების ტარება მოუწევს.