ქაბულში საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საარჩევნო უბანზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. დაჭრილია 110 ადამიანი. ინფორმაციას ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის სიახლოვეს გაააქტიურა, სადაც ადგილობრივი სკოლის თანამშრომლები მოქალაქეებს რეგისტრაციის ნომრებს ურიგებდნენ.
თვითმხილველთა თქმით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია, ასევე არიან პოლიციის ოფიცრებიც.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“.
გუშინ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ამ შემთხვევაშიც სამიზნე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტი იყო. დაიღუპა შვიდი მოქალაქე.