ქაბულში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობირვი მედია იუწყება, აფეთქება სკოლის შენობის სიახლოვეს მოხდა, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა.
დემონსტრანტები თალიბების მხრიდან შიიტი უმცირესობის წარმომადგენელ ხაზარებზე გახშირებულ თავდასხმებს აპროტესტებდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მანამდე ავღანეთის ხელისუფლებამ ხაზარებით დასახლებულ ღაზნის რეგიონში უსაფრხოების ზომები გაამკაცრა და დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა. ჯაგურისა და მალისტანის რაიონში შეირაღებული ხაზარები უკვე რამდენიმე დღეა, თალიბებს ებრძვიან.
ღაზნის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 60 სამხედრო და ხაზარი. 12 ნოემბერს ღამით, თალიბები მალისტანს დაესხნენ თავს, თუმცა ჯარისკაცებმა მათი მოგერიება შეძლეს.
ღაზნიში მიმდინარე დაპირისპირებამ ქაბულში საპროტესტო აქციები გამოიწვია.12 ნოემბერს ღამით დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლისკენ მარში მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ღაზნიში ხაზარების დასახმარებლად სამხედროების გაგზავნას ითხოვდნენ.