პუტინმა წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც სიტყვა „ღმერთია“ აღნიშნული, ქორწინება კი ჰეტეროსექსუალურ კავშირად არის აღწერილი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, რომელშიც სიტყვა „ღმერთია“ აღნიშნული, ქორწინება კი ჰეტეროსექსუალურ კავშირად არის აღწერილი.
newsru.com წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით 24-გვერდიანი კანონპროექტი გაუგზავნა.
„რუსეთის ფედერაცია, რომელიც გაერთიანებულია ათასწლიანი ისტორიით, ინახავს წინაპართა ხსოვნას, რომლებმაც გადმოგვცეს იდეალები და ღვთისადმი რწმენა, ასევე რუსული სახელმწიფოს განვითარების უწყვეტობა, აღიარებს ისტორიულ სახელმწიფოებრივ ერთობას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
რუსეთის პრეზიდენტთან მომუშავე ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის, ვალერი ფადეევის განცხადებით, ღმერთი მოხსენიებულია რუსეთის ჰიმნშიც და ეს ხელს არავის უშლის.
საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ნიკოლაი სვანიძე ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთი რელიგიური ქვეყანა არ არის და ასევე, ყველა ადამიანს ღმერთი არ სწამს.
რუსეთის პრეზიდენტის კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება ქალისა და მამაკაცის კავშირად უნდა განისაზღვროს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თვით იდეა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების, მათ შორის ოჯახის ტრადიციული შემადგენლობის დაცვას ემსახურება.
პუტინმა ასევე წარადგინა ინიციატივა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული იყოს, რომ რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და აიკრძალოს ნებისმიერი ქმედება ან მოწოდება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებაზე.