პუტინმა სახელმწიფო დუმას ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო შეთანხმების „რატიფიცირება“ შესთავაზა
პუტინმა სახელმწიფო დუმას ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო შეთანხმების „რატიფიცირება“ შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა „დღის წესრიგი“, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლას გულისხმობს.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის დუმის მონაცემთა ბაზაშია განთავსებული – წერს სააგენტო „ტასს

ე.წ. შეთანხმებას ხელი 31 მარტს მოეწერა. როგორც დე ფაქტო თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იბრაგიმ გასიევი განმარტავს, „დოკუმენტის“ მიხედვით, ოკუპირებული რეგიონში მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამხედრო სამსახური კონტრაქტით გაიარონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზაზე.

„ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობასთან ერთად პირს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც ჰქონდეს. ასევე, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა ჰქონდეთ გავლილი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში“, – აცხადებს დე ფაქტო თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იბრაგიმ გასიევი.

მისივე განმარტებით, ასეთმა პირებმა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისარიატში უნდა გაიარონ აღრიცხვა. რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე სამსახურის დაწყების შემდეგ კი ისინი რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები ხდებიან და მათზე ყველა ის შეღავათი გავრცელდება, რაც რუს ჯარისკაცებზე.

ე.წ. შეთანხმების შესაბამისად, დე ფაქტო შეიარაღებული ძალების რეფორმირება იგეგმება და „რატიფიცირებულ შეთანხმებათა გაცვლის შემდეგ, დაახლოებით 3 თვეში, შეიქმნება ახალი საორგანიზაციო- საშტატო სტრუქტურა. 6 თვეში კი განხორციელდება ამ სტრუქტურაზე გადასვლა“,- წერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესს“.